მუხლი 045. ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა ანდა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება

ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა ანდა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან, გამონაკლის შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

შენიშვნა:

1. პირი, რომელიც ნებაყოფლობით ჩააბარებს ნარკოტიკულ საშუალებას, რომელიც მას აქვს მცირე ოდენობით და რომელიც მან შეიძინა ან შეინახა გასაღების მიზნის გარეშე, აგრეთვე პირი, რომელიც ნებაყოფლობით მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებასთან დაკავშირებით მისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად, თავისუფლდება ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის განსაზღვრული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.

2. პოლიციელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს გამოკვლევის მიზნით წარუდგენს იმ პირს, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მან ნარკოტიკული საშუალება ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა.

3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფლებამოსილი თანამშრომელი კომპეტენტურ ორგანოს გამოკვლევისათვის წარუდგენს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი პენიტენციური დაწესებულებების, იმავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (მათ შორის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების) და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე მყოფ სამინისტროს სისტემის იმ მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათ ნარკოტიკული საშუალება ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარეს.

4. უფლებამოსილი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.  

5. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით.