მუხლი 021. ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა მასალების გადაცემა ამხანაგური სასამართლოს, საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან შრომითი კოლექტივის განსახილველად

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი თავისუფლდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და მასალები განსახილველად გადაეცემა ამხანაგურ სასამართლოს, საზოგადოებრივ ორგანიზაციას ან შრომით კოლექტივს, თუ ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით მიზანშეწონილია მას შეეფარდოს საზოგადოებრივი ზემოქმედების ზომა.

ამ კოდექსის 50-ე, 119-ე, 122-ე, 126-ე, 155-ე, 159-ე, 161-ე, 170-ე, 171-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩამდენთა მიმართ გამოყენებული საზოგადოებრივი ზემოქმედების ზომების შესახებ ადმინისტრაცია საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციასა და მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შექმნილი ამხანაგური სასამართლო ან საზოგადოებრივი ორგანიზაცია მოვალენი არიან ათი დღის ვადაში აცნობონ მასალების გამომგზავნ ორგანოს (თანამდებობის პირს).